ახალი წელი ეკონომიკური წნეხის ქვეშ: სუფრა, რომელიც “დაპატარავდა”

საქართველოში ახალი წელი ტრადიციულად სოციალური ერთობის სიმბოლოა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. პატარა თუ დიდი ახალ წელს ახალი იმედებით და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე. თუმცა 2025 წლის მიწურულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღესასწაულო მოლოდინები მკაცრმა ეკონომიკურმა რეალობამ ჩაანაცვლა. მეთოდოს საახალწლო სუფრის სამზადისის პირველადი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 51.1% დღესასწაულს დაბალი შემოსავლის პირობებში („ფული გვყოფნის საკვებზე“) ხვდება.

ამ განცდას ობიექტური სტატისტიკური საფუძველი აქვს. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1.9%) ინფლაციური წნეხის გაორმაგებაზე მიუთითებს. საინტერესოა, როგორ ახერხებს ქართული ოჯახი საახალწლო ხალისის შენარჩუნებას იმ მზარდი ფასების ზრდის ფონზე, რომელიც დღესასწაულს „გადარჩენის რეჟიმად“ აქცევს, ან არის კი ახალი წელი დღესასწაული ყველასთვის, თუ ის გადაიქცა მხოლოდ მათ პრივილეგიად, ვისაც ფასების ზრდა არ აშინებს?

 

სურსათის ინფლაცია, როგორც უხილავი სტუმარი საახალწლო სუფრაზე

ინფლაციის დინამიკის ანალიზი აჩვენებს, რომ წლიური საერთო მაჩვენებლის[1] ფორმირებაზე გადამწყვეტი გავლენა სწორედ სურსათმა იქონია. ინფლაციის მთლიან 4.0%-იან მაჩვენებელში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 2.98 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ წლიურად ფასების საერთო ზრდის თითქმის 75% სწორედ კვების პროდუქტებზე მოდის. აღნიშნული ფაქტორი განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან ჯგუფებზე, რადგან მათ ბიუჯეტში სურსათს ყველაზე დიდი წილი უკავია. აღნიშნული მაჩვენებელი მთავარი სტატისტიკური არგუმენტია იმისა, თუ რატომ “დაპატარავდა” სადღესასწაულო სუფრა; პირველადი მოხმარების სასიცოცხლო პროდუქტების გაძვირება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის მსყიდველობით უნარს.

ამ წნეხს კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე არსებული ფასების დინამიკა. საქსტატის მონაცემები მოწმობს, რომ ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდა ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე იმპორტირებულზე. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საახალწლო კონტექსტში, რადგან მომხმარებელი ხშირად ტრადიციული სუფრის ძირითადი კომპონენტებისთვის – ხორცი, ყველი, ნიგოზი – ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. საქსტატის მონაცემები მოწმობს, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ინფლაცია სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და 2025 წლის დეკემბერში 6.2%-ის ფარგლებშია. შედარებისთვის, იმავე პერიოდში იმპორტირებული პროდუქცია დეფლაციურ მაჩვენებელზეა (-0.2%). ეს ნიშნავს, რომ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტები (მაგალითად: ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, გარკვეული სახის ტანსაცმელი ან იმპორტირებული საკვები) საშუალოდ გაიაფდა ან ფასი შეინარჩუნა.

2025 წლის დეკემბრისთვის, სურსათის ჯგუფში წლიური ფასები ჯამურად 8.8%-ით არის მომატებული. თუმცა, საახალწლო კალათის დეტალური ანალიზი კიდევ უფრო საყურადღებო სურათს აჩვენებს –  პროდუქტები, რომელთა გარეშეც სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია, საშუალოზე მეტად გაძვირდა:

საინტერესოა, რომ უშუალოდ დეკემბრის თვეში „საახალწლო ეფექტი“ მკაფიოდ გამოჩნდა ცალკეული პროდუქტების ინდექსებშიც. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში (-0.2) პროცენტი შეადგინა. თუმცა, ეს მცირედი საერთო კლება ძირითადად განპირობებული იყო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფის გაიაფებით (-1.9%) და არა სურსათის ჯგუფის ფასების გავლენით. საახალწლო სუფრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებზე ფასების ზრდა მაინც დაფიქსირდა. თუ თვიდან-თვემდე ცვლილებას დავაკვირდებით, 2025 წლის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში ტრადიციული ნობათის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის გაძვირების დინამიკა ასეთია:

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ქვეყანაში დეკემბერში ფასების საერთო დონე შემცირდა, ქართული საახალწლო კერძების ბაზისს გაძვირების ტენდენცია მაინც შეეხო. სადღესასწაულო კალათაში ფასების ეს დინამიკა ხსნის იმ ეკონომიკურ წნეხს, რომელსაც მოსახლეობა სუბიექტურად გრძნობს და სოციალური კონტრასტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა. მეთოდოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 8.5%-ს აქვს ფუფუნება, თავი ეკონომიკურად სტაბილურად იგრძნოს. დანარჩენი უმრავლესობისთვის (51.1%) ახალი წელი არა დასვენება, არამედ დამატებითი ფინანსური სტრესია, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ სადღესასწაულო კალათის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები წლიურ ინფლაციაზე ბევრად სწრაფი ტემპით ძვირდება.

სტატისტიკური სურათის სრულყოფისთვის საინტერესოა ხელფასების დინამიკის შედარება ფასების ზრდასთან. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ანალოგიური, 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა II კვარტალშიც. თუმცა, მიუხედავად ხელფასების ნომინალური მატებისა, მოსახლეობის უმეტესობა მაინც აცხადებს, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ საკვებზეა საკმარისი. ამ განვითარებას მარტივი ახსნა აქვს – ხელფასების ზრდა ძირითადად მაღალანაზღაურებად სექტორებზე მოდის, მაშინ როცა დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის 10.4%-იანი მატება სრულად იფარება სურსათზე და საახალწლო კალათის ინფლაციის მიერ. შესაბამისად, ნომინალური ხელფასის მატება ვერ გარდაიქმნება რეალურ მსყიდველობით უნარად, როდესაც საქმე სადღესასწაულო სუფრის მრავალფეროვნების შენარჩუნებას ეხება.

საახალწლოდ, ტანსაცმელი თუ საკვები და დამატებითი წნეხი ოჯახის ბიუჯეტზე

მეთოდოს კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმეტყველი მიგნება ეკონომიკური პრიორიტეტების მკაცრი გადანაწილებაა. მოსახლეობის 32.7% აცხადებს, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ საკვებზეა საკმარისი, რის გამოც ახალი ტანსაცმლის შეძენას საერთოდ ვეღარ ახერხებენ. ამ მონაცემებს ოფიციალურ სტატისტიკასთან თუ დავაკავშირებთ, აქ იკვეთება საინტერესო სტატისტიკური სურათი, საქსტატის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაცია ამ კატეგორიაში საერთოდ არ შეცვლილა (0.0%).

ლოგიკურად, ფასების კლებას გაყიდვების ზრდა უნდა გამოეწვია, თუმცა რეალობა საპირისპიროა. მოსახლეობის მესამედისთვის ახალი სამოსი ფუფუნებად რჩება არა მისი სიძვირის, არამედ მსყიდველობითი უნარის მნიშვნელოვანი ვარდნის გამო. შეიძლება ითქვას, სურსათზე არსებულმა წლიურმა 8.8%-იანმა ინფლაციამ ოჯახების ბიუჯეტი იმდენად გამოფიტა, რომ ტანსაცმლის საახალწლო განახლება მეორეხარისხოვანი გახდა. ადამიანები იძულებულნი არიან, უარი თქვან ტანსაცმელზე, რათა გაძვირებული პური თუ ხილი საახალწლო სუფრაზე მაინც ჰქონდეთ. ეს არის არჩევანი გადარჩენასა და დღესასწაულს შორის.

ეს მოცემულობა კიდევ უფრო მძიმდება იმ ფონზე, რომ საკვების გარდა, სხვა სასიცოცხლო ხარჯებიც იზრდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 0.5%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი ჯანდაცვის სექტორი 7.0%-ითაა გაძვირებული. ეს ნიშნავს, რომ დაბალშემოსავლიანი ჯგუფისთვის, რომელიც უკვე ებრძვის გაძვირებული სურსათის ფასებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატება დამატებითი ფინანსური და ფსიქოლოგიური ტვირთია.

შესაბამისად, ეს მატერიალური წნეხი პირდაპირ აისახება საზოგადოების ემოციურ ფონზეც. დაცარიელებულმა ჯიბემ საახალწლო ოპტიმიზმი შესაძლოა სოციალური აპათიით ჩაანაცვლოს. ამას მოწმობს, მეთოდოს კვლევის შედეგებიც – დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის 15.9% სადღესასწაულო ხალისის არქონას აღნიშნავს, საინტერესოა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლებისთვის, რომელთა 41%-საც საახალწლო განწყობა აღარ აქვს. ეს განწყობა მიანიშნებს, რომ ადამიანები ინდივიდუალურ დონეზე ვეღარ ხედავენ წინსვლას. საბოლოო ჯამში, როცა არსებობისთვის აუცილებელი ხარჯები მუდმივად იზრდება, ახალი წელი ბევრი ქართველისთვის არა იმედის, არამედ ნიჰილიზმის სიმბოლოდ იქცევა.

საახალწლო ეკონომიის რეჟიმი

2025 წლის მიწურულს საქართველოში ახალი წელი სოციალური უთანასწორობის ერთგვარ სარკედ იქცა. მეთოდოს კვლევით მიღებული „ხალხის ხმა“ სრულად ემთხვევა საქსტატის „ცივ ციფრებს“, რომელიც ცხადყოფს, რომ ეკონომიკური წინსვლა ყველას კარზე თანაბრად არ აკაკუნებს. სანამ მცირე ნაწილი ყველაფერს ყიდულობს, უმრავლესობა სადღესასწაულო სუფრასთან მხოლოდ მინიმალური „გადარჩენის გეგმით“ ხვდება. საბოლოოდ, სწორედ სურსათზე არსებული ორნიშნა ინფლაციაა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აიძულებს, უარი თქვას მრავალფეროვნებაზე და დღესასწაული პრიორიტეტების მკაცრი გადანაწილების ფონზე აღნიშნოს.

 

[1] 2025 წლის დეკემბერი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

სტატია მოამზადა ლიკა გოდერძიშვილმა