
როგორ ვხვდებით ახალ წელს – პატარა კვლევა დიდ სუფრაზე
ახალი წელი საქართველოში უბრალოდ თარიღი არ არის. ეს არის ტრადიცია და სუფრა, რომლისთვისაც მზადება იწყება ზოგისთვის 31 დეკემბრამდე ბევრად ადრე, ზოგისთვის კი ბოლო წუთებში და ხშირად გრძელდება იანვრის პირველ დღეებშიც. ამ პროცესს თან ახლავს საკვების სიის შედგენა, ფასების გადამოწმება და უცვლელი კითხვა – „რა უნდა დავდოთ სუფრაზე?“ ამდენად, საინტერესოა, ვინ რამდენად ადრე იწყებს მზადებას, რას დებს თეფშზე და სად გეგმავს ახალი წლის ღამის გატარებას? ამ ყველაფერს ახლავს თუ არა ხალისი და განწყობა? აღნიშნულ კითხვებზე პასუხების მოძებნა სტატიაში შეგიძლიათ.
როდის იწყება ახალი წლისთვის მზადება?
კარგად მოგვეხსენება, რომ ქართველებისთვის ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და შეუმჩნეველი არ რჩება ოჯახებში საახალწლო ფუსფუსი, სადაც თითოეულ წევრს საკუთარი ფუნქცია აქვს და ეს წლიდან წლამდე იმდენად განმეორებადი პრაქტიკაა, თითქოს ერთგვარი რიტუალი იყოს. სწორედ ამიტომ ხშირად დავინახავთ კაცებს პურის რიგში თონეებთან ან საკუთარი სარდაფებიდან ღვინის ამოტანის პროცესში. ასევე ქალებს ხილისა და ტკბილეულის დახლებთან, სადაც გულის სიღრმეში მაინც რაღაცით უკმაყოფილოები არიან და გამყიდვლებს უწუნებენ პროდუქტის ფასსა და ხარისხს. ცდილობენ ისეთი შეარჩიონ, რომლითაც სტუმართან არ შერცხვებიან და ამავდროულად ღირსეულად მიიღებენ ახალ წელს საკუთარ ოჯახებში. ამ სურათის მიუხედავად, რეალობა შედარებით განსხვავებულია, რადგან როგორც ირკვევა, თითქმის ყოველი მეორე ქართველი (47%) ახალი წლისთვის განსაკუთრებულ მზადებაზე უკვე უარს ამბობს. ეს ტენდენცია უფრო მეტად თვალსაჩინოა დაბალი შემოსავლის მქონე ინდივიდების შემთხვევაში (57%), რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საახალწლო სამზადისი მხოლოდ ტრადიცია კი არა, ფინანსური შესაძლებლობების საკითხიცაა და მოსახლეობის უკვე საკმაოდ დიდი სეგმენტისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
ამ რეალობის საპირისპიროდ, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყოველი მესამე მოქალაქე (32%) აღნიშნავს, რომ აქტიურ სამზადისს 31 დეკემბრამდე ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში იწყებს და საინტერესოა, რომ ამ ჯგუფის ნახევარზე მეტი (55%) მაღალი შემოსავლის მქონეა.
სუფრა და ყულაბა: ვაგროვებთ თუ ვრისკავთ?
ახალი წელი ახლოვდება და სუფრაც თავისას ითხოვს. საახალწლო სუფრა მხოლოდ გემოების არჩევა არ არის და ის ხშირად იწყება კითხვით: გვეყოფა თუ არა ბიუჯეტი? სანამ კერძები სუფრაზე აღმოჩნდება, ბევრს უწევს ფიქრი ფინანსურ მხარეზეც. ის რასაც ქართველები საახალწლო სუფრაზე ვდებთ და სტუმრად მისულები გემრიელად ვეახლებით, ყოველი ხუთი ოჯახიდან ორში ფინანსური დანაზოგის შედეგია (43%), მათში უმეტესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, რაც ცხადჰყოფს, რომ საახალწლო სუფრა ბევრისთვის წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ეს პასუხები ნათლად აჩვენებს, რომ ახალი წელი არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფინანსური მოვლენაცაა, სადაც ტრადიციასა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის პოვნა სულ უფრო რთული ხდება.
რა დევს საახალწლო სუფრაზე?
ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, ახალი წლის სუფრა მაინც ის ადგილია, სადაც ტრადიცია და გემო ერთმანეთს ხვდება. ზოგისთვის ეს ნაცნობი კერძებია, ზოგისთვის ახალი ექსპერიმენტები, მაგრამ ერთი რამ უცვლელია: საახალწლო სუფრა საკუთარ ისტორიას ყვება. ამ ნაწილში ვნახავთ, რა მიიჩნევა საახალწლო სუფრის მნიშვნელოვან კერძებად და რეალურად საბოლოოდ რა დევს ქართველების საახალწლო სუფრაზე. ალბათ მოულოდნელი არ იქნება, რომ ყოველი ათი ქართველიდან რვა საახალწლო სუფრის მნიშვნელოვან ატრიბუტად საცივს (77%), ხაჭაპურს (79%) და გოზინაყს მიიჩნევს (76%). ეს სამი კერძი თითქოს საახალწლო სუფრის შეუცვლელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის გარეშეც ახალი წელი სრულყოფილად ვერ აღიქმება.
თუმცა რეალობა განსხვავებულია და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაცილებით ნაკლები ადამიანი აღნიშნავს, რომ საახალწლო სუფრისთვის შეძლებს ამ კერძების დამზადებას. ამდენად, სტუმრად მისულებს ყოველი ათი ოჯახიდან მხოლოდ ოთხში დაგვხვდება საცივი (38%), ექვსში ხაჭაპური (56%) და ხუთში გოზინაყი (48%).
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველი მეორე სუფრა შედარებით ერთგვაროვან, მაგრამ კარგად ნაცნობ ასორტიმენტს ეყრდნობა, სადაც მნიშვნელოვნად მიიჩნევა „ტოპ 5“ კერძის არსებობა:
- ფხალეული (56%)
- ქათამი ბაჟეში (52%)
- ნიგვზიანი ბადრიჯანი (51%)
- სალათები (49%)
- ტოლმა კომბოსტოში (45%)
მიუხედავად ამ კერძების მნიშვნელოვნებისა, შედარებით ნაკლები რაოდენობის ქართველი მიუთითებს საახალწლოდ მათი მომზადების შესაძლებლობაზე და თითოეულ შემთხვევაში ათიდან მხოლოდ სამ საახალწლო სუფრაზე შევხვდებით მათ.
კერძებიდან გამომდინარე როგორც ჩანს, საახალწლო სუფრაზე მრავალფეროვნებას ხშირად ტრადიციული და გამოცდილი გემოები ცვლის – ის, რაც სტუმრისთვისაც ნაცნობია და მასპინძელსაც მშვიდად აგრძნობინებს თავს. სწორედ ამაზე მიუთითებს ყოველი ათიდან ოთხი ადამიანი (39%) და აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საახალწლო სუფრის მენიუ არ შეცვლილა, ხოლო ქართველთა ნახევრისთვის ის ნაკლებად მრავალფეროვანი გახდა (57%). ამის მთავარ მიზეზად ეკონომიკური ფაქტორები სახელდება, ერთი მხრივ, დაბალი შემოსავალი (48%), ხოლო მეორე მხრივ, პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა (31%). საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთისთვის ეს როგორც ქვეყანაში, ისე ინდივიდუალურ დონეზე საახალწლო განწყობისა და ხალისის არქონას უკავშირდება (15%).
და მაინც რომ მივუბრუნდეთ საახალწლო სუფრის კერძების ჩამონათვალს, მისი არცთუ ისე მრავალფეროვანი ვარიაციების გათვალისწინებით, თუ მიზნად გაქვთ რაიმე ახლის დაგემოვნება, შეგიძლიათ ზედმეტად არ გაისარჯოთ ბევრ ოჯახში სტუმრობისთვის, ამით საჩუქრის ფულსაც დაზოგავთ და თქვენთან სტუმრის მიერ მოტანილი შოკოლადის ფილის სხვისთვის გამეტებაც აღარ მოგიწევთ.
სახლში თუ გარეთ?
სუფრის გაწყობის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება – სად ვხვდებით 2026 წელს? სახლში, ნაცნობ კედლებში და ოჯახურ ატმოსფეროში თუ გარეთ, მეგობრებთან და სხვა გარემოში. ახალი წლის ღამე არჩევანის გარეშე არ დგება და სწორედ ამ არჩევანზე გვიყვება შემდეგი მონაცემები.
ახალი წელი შეიძლება ერთსა და იმავე სუფრასთან დაიწყოს, მაგრამ სხვადასხვა სივრცეში გაგრძელდეს. სწორედ ამაზე მიუთითებს ყოველი ათი ქართველიდან შვიდის პასუხი და გასაკვირი არ იქნება, რომ წელსაც აქტუალურია აზრი „ჯერ სახლში და მერე ვნახოთ…“ (73%). ამისგან განსხვავებით, შედარებით მცირე ნაწილი, მხოლოდ 8% აცხადებს, რომ ახალი წლის აღნიშვნას სახლში, ოჯახურ გარემოში გეგმავს და საღამოს გაგრძელებას აღარ ფიქრობს სხვაგან. საერთო სურათი კი ერთ რამეზე მიანიშნებს: ქართველებისთვის ახალი წელი ყველაზე საოჯახო დღესასწაულია, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სად გაგრძელდება ღამე, უმრავლესობა ახალ 2026 წელს მაინც ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება.
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ახალი წელი ქართველებისთვის ოჯახის, სუფრის გემოსა და ტრადიციების ნაზავია. მიუხედავად განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობებისა, ბევრი ადამიანი მაინც ჩართულია სამზადისსა და საახალწლო ფუსფუსში, სუფრა კი ძირითადად ნაცნობი, გემრიელი კერძებითაა სავსე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალ წელს უმრავლესობა ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება და აი სწორედ ჩვენს სახლებში, სუფრასთან, გემრიელი კერძებითა და სიცილით (ზოგისთვის განწყობის გარეშე) სავსე გარემოში იწყება ახალი წლის ნამდვილი მაგია.
სტატია მოამზადა მიხეილ ოსიშვილმა.
