სტრატეგიული კვლევების მენეჯმენტ კომპანია “მეთოდო” იწყებს პრაქტიკული ვორქშოფების სერიას “კვლევის ძალა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე”. სერიის ფარგლებში პრაქტიკული ვორქშოფები ჩატარდება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევანის თავისუფლება – დემოკრატიის ღირებულებითი ქვაკუთხედი, ხოლო ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები – დემოკრატიის განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტია. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ეფექტური საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის და შედეგების მონიტორინგის შეუცვლელ საშუალებად იქცა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა სხვადასხვა ორგანიზაციის თუ კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნება და მონაცემების გაცნობა საზოგადოებისათვის. ამ ფონზე მნიშვნელოვანი ხდება ახალგაზრდებს კარგად ესმოდეთ, თუ რას გულისხმობს წინასაარჩევნო განწყობების კვლევა, როგორ ხდება მათი ინტერპრეტაცია და არის ის საკითხები, რომელიც ამ მონაცემების მიღმა რჩება.

ვორქშოფის მიზანია გაიზარდოს სტუდენტების ინტერესი კვლევების და არჩევენების მიმართ, უკეთ შეძლონ საარჩევნო პერიოდში საჯაროდ გავრცელებული კვლევის შედეგების წაკითხვა და ინტერპრეტაცია. ამაღლდეს ცნობიერება არჩევნების – როგორც დემოკრატიის აუცილებელი პირობის და ანალიტიკური ინფორმაციის – როგორც ღირებული და გადამწყვეტი აქტივის შესახებ.

პრაქტიკულ ვორქშოფზე მეთოდოს გამოცდილი მკვლევარები ისაუბრებენ კვლევის მნიშვნელოვნებაზე არჩევების დროს, მის როლზე დემოკრატიული ღირებულებების შექმნის და დამკვიდრების პროცესში, წინასაარჩევნო კვლევების მიზნობრიობაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოყენების ისტორიულ გამოცდილებაზე.

მსმენელები გაეცნობიან ეგზიტპოლის დაგეგმვის შიდა სამზარეულოს, შედეგების წინასწარმეტყველების მეთოდებს და მონაცემებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის წარმართვის პრინციპებს. ვორქშოფზე მოსულ  სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პრაქტიკულ აქტივობებში და ეგზიტპოლის სიმულაციაში. 

ფორმატი: ღია ვორქშოფი, ეგზიტპოლის სიმულაციის თანხლებით

მოდერატორები / სპიკერები: ლაშა ბოკუჩავა, ნატა კვიწინაშვილი, ნინო კალანდია 

 

ვორქშოფზე დაგეგმილია შემდეგი თემების განხილვა:

 

  • წინასაარჩევნო კვლევების დიზაინი, მიზნობრიობა და გამოყენების პრაქტიკა
  • საზოგადოებრივი განწყობების შესწავლის მეთოდოლოგია, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და მონაცემებზე დაფუძნებული მიზნობრივი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის პრინციპები
  • ეგზიტპოლის დაგეგმვა, წარმართვა და არჩევნების შედეგების პროგნოზირება
  • ეთიკური კვლევის ჩატარების და შედეგების გაზიარების გავრცელებული მიდგომები
  • ეგზიტპოლის სიმულაცია – პრაქტიკული აქტივობა
  • საარჩევნო კვლევებთან დაკავშირებული ქართული და მსოფლიო გამოცდილების გაზიარება