ხე, რომელსაც დავრგავთ და სახლს, რომელსაც ავაშენებთ იმ ქალაქში იქნება, რომელშიც ჩვენი შვილები გაიზრდებიან და თუ დღეს არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი თანაცხოვრების ადგილი, ე.ი არ ვფიქრობთ არც შვილების მომავალზე და არც ამ ხისა და სახლის ბედი გვენაღვლება დიდად.

ქალაქის მართვის ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით ჭკვიანი მდგრადი ქალაქის კონცეფცია გულისხმობს საზოგადოების ყველა წევრის ჩართულობას ქალაქის მართვაში და შეთანხმებას მთავარ ღირებულებაზე, რომ დღევანდელი კეთილდღეობა არ მიიღწევა ხვალინდელი დღის ხარჯზე.

ქალაქები ინტელექტუალური საქმიანობის, ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, მრეწველობისა და სოციალური განვითარების ცენტრია. ქალაქებში ადამიანი მარტივად ახდენს სოციალურ და ეკონომიკურ ევოლუციას. დღევანდელი გათვლებით 2030 წლისთვის ქალაქებში 5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, რაც თავის მხრივ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს  ურბანულ ქალაქგეგმარებასა და მართვას. ქალაქების საერთო პრობლემად იქცევა გადასახლებები, საბაზისო მომსახურების უზრუნველსაყოფად რესურსების სიმცირე, ადეკვატური საცხოვრებლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.

გამოწვევების საპასუხოდ 2016 წელს გაეროს ევროპულმა ეკონომიკურმა კომისიამ წარადგინა „ჭკვიანი მდგრადი ქალაქების განვითარების მიზნით ძალისხმევის გაერთიანების გლობალური პლატფორმა“, რომელიც ხუთი მიმართულებით იშლება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,  ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სოციალური ინტეგრაცია და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ხარისხი და ეკოლოგიური მდგრადობა. დოკუმენტში მდგრადი ქალაქი განისაზღვრება, როგორც ადგილი სადაც გრძლვადიან პერსპექტივაზე გათვლით ხდება ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმა ქალაქის სიცოცხისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით.

მდგრადი განვითარების კონცეფცია 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომელზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და გეგმის მიხედვით 2030 წლამდე უნდა შესრულდეს. კონცეფციის მეთერთმეტე მიზანი მდგრადი ქალაქების და დასახლებების განვითარებაა, რაც გულისხმობს ხარისხიანი, უსაფრთხო საცხოვრებლისა და აუცილებელი მომსახურებების შექმნას ყველასთვის. ქალაქის მმართველობა ორიენტირებული უნდა იყოს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების გეგმის შემუშავებაზე, დაგეგმარების რაციონალური და ეკოლოგიური ხაზის განვითარებაზე და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე. სტიქიური უბედურებები გარდაუვალია, ამ ფაქტის აღიარება, მასთან გამკლავების სტრატეგიის შექმნას უწყობს ხელს. თუმცა ყველა რესურსი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მოიხმარს, იქნება ეს ელექტროენერგია, წყალი თუ ნიადაგი – გახარჯვადია, ამასთან, კლიმატის ცვლილებები სწორედ ადამიანის მიერ რესურსების გამოყენებას და ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების ნარჩენების სახით გამოყოფაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია სამყაროში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც ბუნებრივი კატაკლიზმების რიცხვიც იმატებს. ეკონომიური მიდგომა ელექტრო და სითბური ენერგიის მიმართ, ცხელი და ცივი წყლის რაციონალური გამოყენება, ენერგოეფექტური საშუალებების დამკვიდრება, დამზოგავი საზოგადოებირვი ტრანსპორტით სარგებლობა და საწვავზე მომუშავე პირადი ავტომანქანების გონიერი მოხმარება  – ეს ის გზაა, რომელიც მდგრადი ქალაქის ეკოლოგიური მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიგვიყვანს.

საერთო სურათის გააზრებისთვის მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების ხილვაც: დღეისათვის 3,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ქალაქებში, რომლის საერთო ფართობი ხმელეთის 3%-ს შეადგენს, ქალაქებზე მოდის ენერგიის მოხმარების 80 და ნახშირორჟანგის გამოყოფის 75 პროცენტი.

ურბანიზაციის მზარდი ტემპი ახდენს ნეგატიურ გავლენას მტკნარი წყლის მარაგზე, საკანალიზაციო სისტემის მუშაობაზე, საცხოვრებელ გარემოსა და ჯანდაცვის საზოგადოებრივ მოწესრიგებაზე. მნიშნელოვანია ეკოლოგიური და ღია ურბანიზაცია, რომელიც პირველ რიგში დასახლებული პუნქტების კომპლექსურ დაგეგმარებას გულისხმობს, ჰაერის ხარისხის კონტროლი და ნარჩენების გადამუშავება, მწვანე ზონებთან და საზოგადოებირვ სივრცეებთან საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქების ეკონომიკური და სოციალური კავშრების გაძლიერება მიმდებარე რაიონებთან და სოფლებთან.

ჭკვიან მდგრად ქალაქებს სჭირდებათ ელექტროკავშირის სტაბილური, უსაფრთხო, საიმედო, ფუნქციურად შეთავსებადი ინფრასტრუქტურა. ჭკვიანი ელექტროკავშირები – ეს არის ელექტროენერგიის ქსელი, რომელიც იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა გამოავლინოს მოხმარების ცვლილებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მსოფლიოს დიდმა და განვითარებულმა ქალაქებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მდგრადი ქალაქების განვითარების პროცესში.

სინგაპურში ქალაქის არსებულ ციფრულ სისტემაში ჩაშენებული გადამცემები და კამერები ხელისუფლებას ეხმარება შეაფასოს საგზაო მოძრაობის ფუნქციონირება და ეფექტურობა და გამოავლინოს პრობლემები, მაგალითად დაზიანებული გზის მონაკვეთები და არაკომფორტული მგზავრობის მიზეზები.

დანიაში, კოპენჰაგენში, ქუჩის განათების მოდერნიზება განხორციელდა, დამონტაჟდა ენერგოეფექტური  ნათურები, სადენების გარეშე. ჭკვიანი საგზაო მანათობლების სიკაშკაშე ავტომატურად რეგულირდება და ელექტროენერგიის დაზოგვასთან ერთად საგზაო შემთხვევების რაოდენობას ამცირებს.

რიოში ჰაერის ხარისხის შეფასებისა და პროგნოზირების პროგრამა შემუშავდა, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სამომავლო დაბინძურების გამოთვლა 48 საათით ადრე, შესაბამისად, მუნიციპალური ორგანიების და მთავრობის მიერ ხდება წინასწარი ღონისძებების გატარება და საგზაო მოძრაობის ისე გადაგეგმვა, რომ ჰაერის დაბინძურება ნაკლები იყოს.

ისრაელში ქალაქი ჰოლონის საკანალიზაციო სისტემას ხშირად ექმნებოდა პრობლემა. მუნიციპალიტეტმა შემოიღო სისტემა, რომელიც ატყობინებს კერძო პირებს როდის აღწევს მათი პირადი საკანალიზაციო ქსელი დაბინძურების მაღალ ნიშნულს, რათა მოახდინოს დროული პრევენცია. ხოლო დუბაიში საჩივრების ელექტრონული სისტემა მოქმედებს, რათა მოქალაქეებმა სახელმწიფო სერვისებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მაგალითს გავყვებით ჩვენ, საერთო მიზნის შესაბამისად 2030 წლამდე სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა და ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა მანამდე სანამ 2030 დადგება ყოველი დღე გადამწყვეტია მთავარი ღირებულების გამყარებისათვის – თანაცხოვრებისა და თანაარსებობის პირობებში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა, რათა ხეც აყვავდეს და ჩვენს მიერ აშენებულ სახლებში შვილებმაც ბედნიერად იცხოვრონ.

ნინო კალანდია

სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალი, მარკეტერი და სოციოლოგი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით. ბიზნეს და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების სოციოლოგიის მიმართულებით და პროგრამის „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ დოქტორანტი.

პროფესიული პორტფელი აერთიანებს, სხვადასხვა პროფილის ბიზნეს კომპანიებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხანგრძლივ პროფესიულ თანამშრომლობას, კომპანიებისთვის და ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის მიმართულებით გაწეულ კონსულტაციებს და მარკეტინგულ კვლევით პროექტებს.