გიოცნებიათ ავიახომალდის მართვაზე – პილოტის პროფესიაზე?

ფიქრობთ, რომ თქვენი ოცნება ოცნებად დარჩა? სინამდვილეში თქვენ მართავთ ბრენდს, რომლის ფრენა, ტურბულენტობაში სიმაღლეების შენარჩუნება და საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე წარმატებით მისვლა, თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

თანამედროვე ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და მომხმარებელთა პრეფერენციების მრავალფეროვნებამ კიდევ უფრო მზარდი გახადა კონკურენცია, ბრენდის სიძლიერე ნებისმიერი ბიზნესის მთავარ აქტივად იქცა – „ჯანსაღი ბრენდი“, როგორც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების კრიტიკული განმსაზღვრელი.

თავისი არსით, ბრენდის ჯანმრთელობა წარმოადგენს  ქმედებების, ემოციების, აღქმებისა თუ ასოციაციების  ერთობლიობას, რომელიც მომხმარებელს გააჩნია მის მიმართ. ეს არის მრავალმხრივი კონსტრუქცია, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად განზომილებას: ბრენდის ცნობადობას, მასთან შემხებლობის გამოცდილებას, საბაზრო წილს, ბრენდის კაპიტალსა და, რაღა თქმა უნდა, ლოიალობას მის მიმართ. სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეულმა ბაზრის ლანდშაფტის ხშირმა ცვლილებამ კი, კიდევ უფრო გაზარდა ბრენდის მთავარი ინდიკატორების ხშირი მონიტორინგის აუცილებლობა.

ხომალდის მართვის კვალდაკვალ, ბრენდის მართვაც მოითხოვს არაერთი პარამეტრის ფრთხილ და მუდმივ მონიტორინგს, გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას და ტურბულენტობაში ნავიგაციის უნარს.

 

რა განაპირობებს წარმატებულ ფრენას?

დიდი და წარმატებული ბრენდის შექმნა, მასზე ოცნებით იწყება – ვიცით როგორ ბრენდს ვქმნით, ე.ი მისი შექმნის გზებსაც ვპოულობთ. ასაფრენად კი, საჭიროა გვქონდეს ბრენდის სიჯანსაღის თანმიმდევრული გეგმა – ვიცოდეთ რა სიმაღლეზე, რა სიჩქარით და რა რესურსებით უნდა ვიმოძრაოთ, რომ მივიდეთ დასახულ მიზნამდე.

ბრენდის ამოცნობა მრავალ კონკურენტს შორის, ხშირად პირველი ნაბიჯია წარმატების გზაზე. თუმცა, მხოლოდ მაღალი ცნობადობა არ იძლევა მისი სიჯანსაღის გარანტიას. მომხმარებელი ყოველდღიურად იქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ ბრენდზე –  სინჯავს პროდუქტსა თუ მომსახურებას, აკვირდება რამდენად ასრულებს ბრენდი დანაპირებს და რამდენად თანმიმდევრულია ამ დაპირებაში. მომხმარებლის პოზიტიური აღქმა კი, მომავალში ბრენდის მიმართ ლოიალურობაში ითარგმება. რობ რაში, Deloitte & Touche LLP-დან, ბრენდის ჯანმრთელობას ასე განმარტავს: „რაც უფრო ახლოს არის მომხმარებლის გამოცდილება ბრენდის დაპირებასთან, მით უფრო ჯანსაღია ბრენდი“.

ჯანსაღი ბრენდი ქმნის ემოციურ კავშირებს – იწვევს ნდობას მომხმარებელში და აყალიბებს ლოიალობას. ის თუ რამდენად ეფექტურად ახდენთ ნავიგაციას ცნობადობიდან ლოიალობამდე, განაპირობებს თქვენი ბრენდის სიჯანსაღეს. ჯანსაღი ბრენდები კი, გამოირჩევიან ბაზრის რყევების მიმართ მდგრადობითა და სტაბილურობით.  საბოლოოდ კი, ბრენდის მიმართ კეთილგანწყობა აისახება მის საბაზრო პოზიციებზე – სამომხმარებლო თუ საბაზრო წილებზე, შედეგად კი, ბიზნესის მომგებიანობა და განვითარების ტემპი იზრდება.

ბრენდის ჯანმრთელობის მართვა რომ სტრატეგიის ნაწილია და მას დიდი ძალა გააჩნია, ამის საილუსტრაციოდ სპორტული ტანსაცმლის გიგანტის, ნაიკის მაგალითიც საკმარისია. ათწლეულების მანძილზე ნაიკმა შექმნა ბრენდი, რომელიც მიღწევების, ინოვაციებისა და სიძლიერის სინონიმია. მისი კამპანია „Just do it” კი, სპორტსმენებთან ერთად, რიგითი მომხმარებლებისთვისაც ინსპირაციული აღმოჩნდა – ეძებთ მოტივაციას და შთაგონებას? უბრალოდ, გააკეთე!

ნაიკის ბრენდის სტაბილურად ჯანმრთელ კონიუნქტურას პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხი, მომხმარებელთან ძლიერი ემოციური კავშირის დამყარება და ბაზრის ტენდენციების კვალდაკვალ მუდმივი სიახლეების შეთავაზება განაპირობებს. ამის მიღწევაში კი, მას მომხმარებლის ხმის მუდმივი გათვალისწინება ეხმარება.  ბრენდის უნარი ფეხი აუწყოს მომხმარებელთა ცვალებად პრეფერენციებსა და საზოგადოების მოლოდინებს, არის ამ ბრენდის წარმატების ფორმულა.

ძლიერი ბრენდი აგებულია არა მხოლოდ წარსულ წარმატებებზე და გამოცდილებაზე, არამედ უწყვეტ ევოლუციას გადის და პროაქტიულად რეაგირებს ბაზარზე.

 

რამდენად ოპტიმალურია ჩვენი ფრენა?

ბრენდის სიჯანსაღის გზაზე ნავიგაცია კომპლექსურია – მოითხოვს სტრატეგიაში თანმიმდევრულობას და მუდმივ კავშირს მომხმარებელთან, ხოლო მეტი მოქნილობისთვის, მიღებული შედეგების მუდმივ მონიტორინგს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბრენდის სიჯანსაღის მიღწევა არ არის ერთჯერადი ძალისხმევა, ეს არის მუდმივი სწრაფვა სრულყოფილების, ავთენტურობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობისკენ. ბრენდის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი პილოტი სწორედ მომხმარებელია. მათი ლოიალობა და ქცევა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბრენდის მართვის კურსს – სიმაღლეები მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია მომხმარებლის პულსაცია.

და თუ კი, „ჯანსაღია ის ბრენდი, რომლის დაპირებაც ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან“, მთავარი ასპარეზი სწორედ მომხმარებელს უნდა დავუთმოთ. მომხმარებლის ხმა არის ის უნიკალური იარაღი, რომელიც ამ საერთო ფრენაში ბრენდებს ეხმარება ახალი სიმაღლეების დაძლევაში.

მსგავსი ჩანაწერები