სოციალური სინამდვილე იმდენად რთულია, რომ წარმოუდგენელია მისი შესწავლა მხოლოდ ერთი მეთოდის საშუალებით. ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი მრავალ მიდგომას შორის, ხოლო საუკეთესო შედეგს, როგორც წესი, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გაერთიანებისას, მათი პარალელური გამოყენებისას მივიღებთ.

სოციოლოგიის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე კვლევა, რომლებიც ამ ორი ჯგუფის მეთოდების შერწყმის თვალსაზრისითაა განსაკუთრებით საინტერესო. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელია 1930-იან წლებში ავსტრიის სოფელ მარიენტალში მარია იაჰოდას, პოლ ლაზარსფელდის და ჰანს ცაიზელის მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის თემაც უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

90 წლის წინ, 1933 წელს, ვენის უნივერსიტეტის სამმა მეცნიერმა თავის კვლევაში აღწერეს, როგორ აისახა ტექსტილის ფაბრიკის დახურვა ავსტრიის პატარა ქალაქის მოსახლეობაზე.

გარდა იმისა, რომ გაღარიბებული მოსახლეობის კვება გაუარესდა, ხანგრძლივმა უმუშევრობა უარყოფითად აისახა მათ მორალურ მდგომარეობაზეც. ქალაქში მცხოვრები ბავშვებიც კი ვერ ბედავდნენ ოცნებას იმაზე, თუ ვინ გამოვიდოდნენ, რადგანაც ხედავდნენ როგორ უჭირდათ მათ მშობლებს სამსახურის შოვნა.

 

მკვლევრები მარიენტალში 1931 წელს ჩავიდნენ, ქალაქი ავსტრიის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. 2 წლით ადრე მოხდა ავსტრიის საბანკო სისტემის ჩამოშლა, ტექსტილის ფაბრიკა დაიხურა, ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეკონომიკური კოლაფსის შედეგად ცხოვრება მარიანტალში კარდინალურად შეიცვალა:

  1. შინაური ცხოველების მეპატრონეები აღარ ეძებდნენ დაკარგულ „მეგობრებს“, მათ იცოდნენ, რომ ცხოველები უკვე ვიღაცამ შეჭამა და არ სურდათ იმის გარკვევა თუ კონკრეტულად ვინ.
  2. ოდესღაც წარმატებულმა მოჭიდავეთა ადგილობრივმა გუნდმა შეწყვიტა მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობა.
  3. გაზეთების მოყვარულები აღარ კითხულობდნენ ზედმიწევნით გაზეტებს და მხოლოდ პირველ გვერდს ეცნობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი თავისუფალი დრო ქონდათ. ადგილობრივი ბიბლიოთეკიდან შემცირდა წიგნების გატანა
  4. ოჯახურ ცხოვრებაში სკანდალებმა და ალკოჰოლიზმი იფეთქა.
  5. შეიცვალა მარიენტალის მაცხოვრებელთა ჩვევებიც: ადამიანები ძირითადად მიირთმევდნენ პურს და ყავას, ამასთან ყავას ვარდკაჭკაჭას ნაყენით აზავებდნენ, დიდხანს რომ გამოეზოგათ.
  6. გახშირდა კერძო მინდვრებიდან კარტოფილისა და კომბოსტოს მოპარვა.
  7. მატერიალურ ზარალს მოჰყვა აპათია და სასოწარკვეთა. ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან ერთ-ერთი სამსახურის შოვნის 130 ფუჭი მცდელობის შემდეგ ლოგინად ჩავარდა
  8. ბავშვები სკოლაში დაწერილ თავისუფალ თემებში აღნიშნავდნენ, რომ არ იციან რა უნდათ რომ გამოვიდნენ, რადგანაც სამსახურის პოვნა მაინც გაუჭირდებათ.

კვლევა „მარიენტალის უმუშევრები“ 1933 წელს გამოქვეყნდა. კვლევა აერთიანებს რამდენიმე კვლევით მეთოდს და იქცა სოციოლოგიის ერთგვარ სახელმძღვანელოდ. კვლევის მთვარ მიგნებად სახელდება ის, რომ ადამიანის დაკავებულობა მარტო ხელფასს არ უზრუნველყოფს. სამუშაო არის შინაგანი ორგნიზაბულობის, თვითშეფასების და მოტივაციის წყარო და მისმა გაქრობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, შფოთვა, დამოკიდებულებები და იდენტობის კრიზისი.

ამ პერიოდში ჰიტლერის ძალაუფლება ძლიერდება. აქტიური მუშაობის, ცხოვრების მოწესრიგებისა და ერთიანობის სურვილმა, რომელიც კვლევის მიგნებებში იყო წარმოდგენილი, აღნიშნულ კონტექსტში კიდევ უფრო დიდი სიმძაფრე შეიძინა. ავსტრიის უმუშევარი მოსახლეობა  ადვილად დაჰყვა ჰიტლერის „ყოფის სწრაფად და მალე მოგვარების“ დაპირებას.

„ძალიან სავარაუდოა, რომ ადრეული ჰიტლერის მოძრაობის წარმატება ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ უმუშევართა დიდი ნაწილი ყაზარმებში იყო შეყრილი და დაკავებული იყო გასამხედროებული სწავლებით“, – წერდა ერთ-ერთი სოციოლოგი ამერიკული გამოცემის წინასიტყვაობაში.

 

ასეთი კვლევები ადასტურებს, რომ “მეთოდების კონფლიქტის” გადაჭრის ყველაზე მიზანშეწონილი გზა იქნება რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სრულად დავინახოთ ის პრობლემა ან საკითხი, რომელსაც შევისწავლით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეალური სურათია, რეალობა კი ამგვარია – კვლევის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია როგორც საკვლევ ამოცანაზე, ასევე ვადებზე და გამოყოფილ ბიუჯეტზე, ამიტომ ფაქტი, რომ ერთობლივი მიდგომით უკეთესია, არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ მიზნებამდე მისვლა კვლევის კონკრეტული მეთოდებითაც შესაძლებელია.

მსგავსი ჩანაწერები